პირი, რომელიც ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა დააჯილდოვეს
პირს, რომელიც ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს დაეხმარა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარი გადაეცა, ბათუმის საკრებულომ კი, მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოფიციალური მადლობა გამოუცხადა.
მოქალაქე რაულ თებიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტს შეესწრო. მან დაჭრილს ადგილზევე აღმოუჩინა დახმარება და კლინიკაშიც თავად გადაიყვანა.
ცნობისათვის შემთხვევა ბათუმში, რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.