“ხშირად კანონის მოთხოვნები და ადამიანური იმპულსები ერთმანეთს ეწინააღმდეგება” – ლეჩხუმელი მანდატურის ისტორია

“სასამართლო მართლმსაჯულებისა და საზოგადოების“ საბჭოს  გადაწყვეტილებით საქართველოში 22 საუკეთესო მანდატური გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი ცაგერის სასამართლოს მანდატური – ლაშა ჩიქოვანია.

43 წლის მანდატურის სტუდენტობისდროინდელი მისწრაფებები და ინტერესები ამჟამინდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მაშინ ეკონომისტობა სურდა, უმაღლესიც ეკონომიკის მიმართულებით დაამთავრა, თუმცა 2000-იანი წლების საქართველოს სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საკუთარი პროფესიით მხოლოდ ერთი წელი იმუშავა. შემდეგ იყო უმუშევრობაც, დროებითი სამსახურებიც. ბოლოს, მანდატურის ვაკანსიაზე გააგზავნა რეზიუმე და უკვე 12 წელია ამ საქმეს ერთგულად ემსახურება.
“რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი ლაშას, რა თქმა უნდა, სასამართლოში ეწვია, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს.

“იცით,​ ცხოვრებას გავს ჩემი სამსახური – ბევრი კარგი ხდება, ბევრი – ცუდი. ხანდახან ისეთი რამე ხდება, ადამიანურად ვწუხვარ კიდეც, მაგრამ კანონი კანონია და მას ვერავინ გაექცევა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ადამიანები  დავამშვიდო  დამარცხებული თუ სასჯელმისჯილი მხარე, ყოველთვის თავს ვაკონტროლებ – რამე ისეთი ზედმეტი არ გავაკეთო, რომ დამატებითი აგრესია არ გამოვიწვიო. მოკლედ, ვცდილობ აღელვებული ადამიანები როგორმე დავამშვიდო და იმედი მივცე. ხშირად კანონის მოთხოვნები და ადამიანური იმპულსები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ როცა ასეთ შემთხვევაშიც კი კმაყოფილი შეგიძლია დარჩე, დიდ რამეს ნიშნავს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ლაშა ჩიქოვანი.

კითხვაზე ეთანხმება თუ არა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ სასამართლო არაეფექტურად მუშაობს და უკანონო განაჩენები გამოაქვს, ამბობს, რომ ცაგერის მაგალითზე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ლაშა ჩიქოვანი თავის 12-წლიან გამოცდილებას იხსენებს და განმარტავს, რომ ცაგერის სასამართლოს არცერთი უკანონო და უსამართლო განაჩენი არ გამოუტანია.
“სხვა სასამართლოებზე და მოსამართლეებზე, ვისი მუშაობაც არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ცაგერში ორი მოსამართლე გვყავს და რასაც 12 წლის განმავლობაში ვუყურე, არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო გასულიყო დარბაზიდან. ამასვე ადასტურებს კვლევები, რომლებიც ამ მიმართულებით ჩავატარეთ. თამამად ვიტყვი, რომ ლეჩხუმის მოსახლეობას უყვარს ეს ორი ადამიანი და ეს სიყვარული მათ მიერ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებების შედეგია”, – ამბობს მანდატური.

ლაშა ჩიქოვანი სასამართლოს საუკეთესო მანდატურთა 22-კაციან სიაში მოხვედრას არ მოელოდა. იმასაც გვიმხელს, რომ ამდენი მანდატურია ქვეყნის მასშტაბით და ვერ ხვდება რატომ გამოარჩიეს. თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლომდე ისეთივე ენთუზიაზმითა და სიყვარულით აპირებს ემსახუროს სასამართლოს, როგორც ახლა. ლაშასთვის, როგორც თავად ამბობს, იყო მანდატური სამსახურზე მეტია, რადგან აქ ხშირად ახალ აღმოჩენებსაც აკეთებს ადამიანთა ფსიქოლოგიაში, რაც მისთვის საკმაოდ საინტერესოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები