ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხნა
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე ბიბლიოთეკის სარდაფში განთავსდა და წიგნის მუზეუმს, საბავშვო, მარკებისა და პრესის არქივის ოთახებს, ასევე საკონფერენციო დარბაზსა და დეპოზიტარიუმს მოიცავს.
ახალ სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა პრესის საარქივო მასალებს, რომელიც საუკუნეზე მეტია ბათუმის ბიბლიოთეკაში ინახება. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს ადგილზე შეეძლება გაეცნოს როგორც პრესის სიახლეებს, ასევე საარქივო მასალებს.
აქვე მოეწყო სპეციალური საკონფერენციო ოთახი საგანამანათლებლო და კულტურული ხასიათის ტრენინგებისთვის, სემინარებისა და პრეზენტაცებისთვის. ადგილზე, ასევე შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კონფერენციის გამართვაც.
ამასთან, საბავშვო ოთახში პატარა მკითხველებისთვის პროექტები ჩატარდება, რომლებიც შემეცნებით და გასართობ აქტივობებს გააერთიანებს. დეპოზიტარიუმი კი მკვდარი ლიტერატურით შეივსო.
როგორც “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკის არსებობის ისტორიაში, პირველად, რარიტეტული წიგნების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. გამოფენა კი ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური წიგნებით ეტაპობრივად განახლდება.
“ბიბლიოთეკას რარიტეტული წიგნების მუზეუმი ექნება. გამოიფინა საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში წასული ადამიანების დანატოვარი სხვადასხვა ენოვანი წიგნები. ექსპოზიცია ყოველწლიურად განახლდება. წიგნებს, რომელსაც პირველ ეტაპზე გამოვფენთ, რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საფრანგეთის ელჩს საქართველოში. ბატონი დიეგო კალასი, ორი თვის წინათ იმყოფებოდა ჩვენს ბიბლიოთეკაში და დაინტერესდა ფრანგული რარიტეტული წიგნებით და თანხაც გამოყო მათი განახლებისთვის“, – ამბობს ინგა გოგიბერიძე.
ბიბლიოთეკაში ახალი სივრცის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. პროექტისთვის ბათუმის მერიამ 43 000 ლარი გამოყო.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.