ჯანდაცვის სამინისტროსთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნისა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მონაწილეებმა ფსიქოლოგიური სერვისების არარსებობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ლუდომანებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაა.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ.
“ამ სამინისტროს ბიუჯეტი აქვს ოთხი მილიარდი ლარი, აქედან გარკვეული თანხა რომ დაუთმონ და პროფესიონალი ფსიქოლოგები 24-საათის მანძილზე ამორიგეონ ტელეფონზე, ცხელ ხაზზე კარგი იქნებოდა. სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ,”- განაცხადა ანა დოლიძემ.