პარლამენტში ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის.

ნიკა მელიას უფლებამონაცვლის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრობას კომიტეტზე მხოლოდ კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭავარიანმა არ დაუჭირეს მხარი.
ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პროტესტსაც გამოეხმაურნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განმარტა, “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება ჰქონდა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინა, რომელიც უმოკლეს ვადაში შესაბამის დასკვნას მიიღებდა.

“ამ უფლებითაც რომ არ ისარგებლეს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო სწორი”, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, ბადრი ბასიშვილი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი “ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა. მას სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამასთანავე მას, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები