ბათუმი Forbes-ის 2020 წლის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაშია
Forbes-მა ბათუმი 2020 წლის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. როგორც გამოცემა წერს, ბათუმი სიდიდით მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია საქართველოში.
„ამდროისთვის ახალ შენობებზე სიმაღლის შეზღუდვები არ არის, ამიტომაც დეველოპერები და მყიდველები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდიან“, – წერს გამოცემა ბათუმზე. ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა.
„ბათუმში იმის გამო, რომ მიწის დიდი ნაწილია ხელმისაწვდომი და მცირე შეზღუდვებია დაწესებული, ახალი პროექტები ჩნდება, რათა მოთხოვნის ზრდას უპასუხოს. ინვესტორები, მათ შორის მეზობელი თურქეთიდან, 2000-წლიანი ისტორიით დ კულტურით, ასევე უფრო ცნობილ ევროპულ სანაპირო ჰაბებთან შედარებით მისაღები ფასებით არიან მოხიბლულები“, – წერს Forbes-ი.
აღსანიშნავია, რომ გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ბათუმის გარდა, კიდევ ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, იტალიის ქალაქი ნეაპოლი, საფრანგეთის ქალაქი მეჟევი, უნგრეთის ქალაქი სეკეშფეჰერვარი და პორტუგალიის ქალაქი პორტო დაასახელა.