დავით ასათიანი: გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა
“გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიური გზებით და ყველა იმ შესაძლო არხებით, რათა დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა”, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერს შეხვდა, ასევე გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა.
„როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები. ორშაბათიდან ოჯახი შეეცდება გარკვეულად ზოგიერთი საერთაშორისო სამართლებრივი ხასიათის ინსტრუმენტის რეალიზებას და ამაზე დამატებით კიდევ გვექნება განცხადება. ასევე გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიური გზებით და ყველა იმ შესაძლო არხებით, რათა დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა.
არის მოლოდინი, რომ მაქსიმალურად გააქტიურდება და კოორდინაციაში იქნება ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან. ეს არის კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები, დაკავშირებული როგორც დიპლომატიურ არხებთან, საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. მობილიზებულია ოჯახი და ყველა მის ირგვლივ, რომ უკვე ორშაბათიდან აქტიურად მოხდეს ამ არხების კიდევ უფრო აქტუალიზება“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისი შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამართული ე.წ. სასამართლო პროცესი აბსოლუტურად უკანონოა.
„რაც შეეხება ე.წ. პროცედურებს, რაც ცხინვალში გაიმართა, ეს არის აბსოლუტურად უკანონო პროცედურები, ფორმალურად არსებობს იმ ე.წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ათდღიანი ვადა თუმცა, ე.წ. გადაწყვეტილება, რომელიც ძირითადად სადამსჯელო დოკუმენტია და არა განაჩენი, ჯერ ადვოკატებს არ გადაცემიათ. სავარაუდოდ, იმ კვირაში მოხდება ამის ნახვაც და გადაწყდება, რა პროცედურები გაგრძელდება ცხინვალში“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ გაიმართა.