“დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი მედპერსონალს, ვინც გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი”
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა.
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის – ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პოლიციელის დაჭრა. მოულოდნელად მოქალაქე აჩერებდა და ყელში მიაყენა 2 ჭრილობა, რომელიც ძალიან მძიმე ჭრილობები იყო. შემდეგ უკვე მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება. ასევე ჩაერთო მოქალაქე, რომელიც მიეხმარა. დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი ექიმებს, მედპერსონალს, ვინც ჩაერთო და გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი. ჯანმრთელად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გამოვა სამსახურში, ჩაერთვება ისევ მუშაობაში.
მე მინდა ხაზი გავუსვა ყველა პოლიციელი, ყველა, პატრულის თანამშრომელი იქნება თუ კრიმინალური პოლიციის, ყოველ დღე უწევთ მათ გასვლა და ასეთ შემთხვევებზე შესწრება. სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან ისინი დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცოცხალი ან ჯანმრთელი. მინდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.