მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი იქნება

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.

“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქუთაისში მიმდინარე მეგაპროექტის – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დაფუძნებას. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მისმა ოჯახმა პროექტისთვის ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. შედეგად შეიქმნა აკადემიური პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდის საშუალებით უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებიც.

უაღრესად მნიშნველოვანია აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი; იგი მთლიანად ფონდ “ქართუს“ მიერ ფინანსდება. ცენტრში სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. ასე რომ, ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა იაპონიაში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით NTT Security – ის წამყვანი სპეციალისტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

“უნივერსიტეტის მშენებლობის პირველ ფაზაში აშენდება სამი სასწავლო კორპუსი, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა; ასევე, მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტისას შევხვდი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის. მე მას გავაცანი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. მათ შორის იმაზეც, თუ როგორ შეიძლება იაპონია ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.

იაპონიაში ყოფნისას ასევე შევხვდი იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას. მან მზაობა გამოთქვა, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით NTT Security – ის წამყვანი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო – კვლევით პროცესში.

შეხვედრები და მოლაპარკებები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, საერთაშორისოდ აღიარებულ მკვლევარებთან კვლავაც გაგრძელდება. შედეგად, უნივერსიტეტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აკადემიური პროცესების მიმართულებას, ზოგადად ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში და მთელ რეგიონში,“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები