გურამ ფალავანდიშვილი მუსიკალური ჯგუფ „არას“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
“ბავშვთა უფლებების საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი მუსიკალური ჯგუფის, „არას“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არის თუ არა მუსიკალური ჯგუფი “არა” დამნაშავე მოზარდების თვითმკვლელობაში?პასუხი ასეთია: ჯგუფი “არა” უშუალო დამნაშავეა, მის წინააღმდეგ უნდა გაიმართოს აქციები.
რაც შეეხება ჯგუფ “არა”-ს, ის თავის სიმღერაში “როკსტარი” პირდაპირ, ღია ტექსტებით უკეთებს რომანტიზიებას თვითმკვლელობის ჩადენას: “გადავხტები ფარჯნიდან”, “მე ვარ ძაან მკვდარი”,”ვაი რა კარგი ადამიანი იყო”, “ვეღარ შევხვდებით…” და ა.შ. ეს ყველაფერი თან ლამაზ სიტყვებში და ტონალობებშია, ხოლო მოგეხსენებათ, მუსიკას როგორი დიდი ზემოქმედების ძალა აქვს.
“ბავშვთა უფლებების საზოგადოება” აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რათა დადგეს ჯგუფი „არას“ წევრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ისინი დაუფარავად ეწევიან ნარკომანიის და რაც მთავარია, სუიციდის პროპაგანდას.
ამ სატანურ ჯგუფს პირდაპირ აქვს პასუხი მოსათხოვი. ამის გარდა, მათ აქვთ სიმღერები ასევე ბევრ სხვა და სხვა ცუდ რამეზე, მათ შორის პლანის სიკარგეზე, ისინი ეწევიან მის პირდაპირ პროპაგანდას, თუმცა სახელმწიფო აქაც წინა შემთხვევების მსგავსად, დუმს ლიბერალური ღირებულებების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე”- განაცხადა ფალავანდიშვილმა.