არჩილ თალაკვაძე: მოვამზადეთ წინადადება, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები დაბალანსებულია და ვფიქრობთ, ეს მისაღები უნდა იყოს ყველასთვის
„მას შემდეგ, რაც გაიმართა ორი-სამი კონსულტაცია პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შემოთავაზებებზე, რაც მათ ჰქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესში არის ჩართული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის შემუშავებული მოდელი შერეულ საარჩევნო სისტემაში რეგიონების, დედაქალაქისა და პროპორციული არჩევნების წილის დაბალანსებას უზრუნველყოფს და მისი წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა რეალურად ორიენტირებული შეთანხმებაზე.
“რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის სურს, რეალურად, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც, შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებული. მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩართულნი არიან ამ დიალოგში და ისინი ამ ყველაფერს თავად დაინახავენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მოდელთან დაკავშირებით, დეტალურ განმარტებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს რეალურად სურთ შეთანხმება, შესაძლოა, მმართველი გუნდის მომზადებული მოდელი იყოს ის პროექტი, რომელსაც განხილვა სჭირდება და რომლის ირგვლივაც არსებობს შეთანხმების რესურსი.
ცნობისათვის, სასტუმრო „შერატონში” დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.