ადვოკატი: ჩოლოიანი მძიმედაა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას საავადმყოფოში ვითხოვთ
მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი მოთხოვნა და თხოვნა სასამართლოს წინაშე არის ის, რომ აღმკვეთი ღონისძიების განხილვა სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს.
“ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსების განმარტებით გარკვეულწილად შესაძლებელია მისი გადაადგილება, თუმცა იგი მაინც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამისად, ეს არის ორაზროვანი პასუხი. ჩვენი მოთხოვნა და თხოვნა არის სასამართლოს წინაშე, რომ მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების განხილვა სამედიცინო დაწესებულებაში რამეთუ, თავად ბრალდებულმა შეძლოს აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის დროს მონაწილეობის მიღება. სწორი, სამართლიანი და ობიექტური იქნება ის გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა აღმკვეთი ღონისძიებაზე, მსჯელობა, მოხდეს ბრალდებულის თანდასწრებით.
ფაქტი არის ის, რომ ბრალდების მხარემ მრავალტომიანი საქმე წარმოადგინა, მაგრამ მრავალტომიან საქმეში მხოლოდ ერთი გათქმითი ჩვენებაა მხოლოდ და მხოლოდ პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, ანუ დღეს ბრალდების მხარე მხოლოდ ერთადერთი გათქმითი ჩვენებით წარსდგა და წარსდგება სასამართლოს წინაშე, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას. ის, რომ 70 ადამიანი დაკითხულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 70 ადამიანი ამხელს პირს კონკრეტული ქმედების ჩადენაში”,- განაცხადა მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.