ვაშაძე იანვრიდან “ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის” დაწყებას აანონსებს
ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქმე საქართველოს მომავალს ეხება.
“ან “ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის “ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ. ან იქნებიან ადეკვატურები ან არაადეკვატურები. მე იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იოტისოდენად გაიღვიძებს მათი ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის კომპონენტი.
ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავრეთ “ქართული ოცნება”, რადგან საქართველოს დღეს ყოველდღიურად რაღაც კატასტროფა სჭირს. ამ უბედურების ერთადერთი წარმომავლობა არის “ქართული ოცნება“. ეს უბედურება თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ქვეყანაში რაც ხდება, უფრო და უფრო მეტი იქნება. ამ უბედურებას აქვს ერთი სახელი – “ქართული ოცნება“ და უნდა დავამთავროთ. რა იქნება, ამას ნახავენ თვითონაც და ნახავს საქართველოს თითოეული მოქალაქე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავენ.