თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს დაცვის ერთადერთი გზა პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნაა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს დაცვის ერთადერთი გზა პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნაა.
“ჩვენი ქვეყნის დაცვის ერთადერთი გზა და საშუალება არის პარტნიორების მხარდაჭერა და პარტნიორების ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან ჩვენ მარტოებს ძალიან გაგვიჭირდება, გავუმკლავდეთ რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს. ამიტომ, როდესაც ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ ამ მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია. კონგრესმენები, რომლებიც ჩვენთან დაკავშირებით მუშაობენ, წლების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს, რაც გვჭირდება, ქვეყნის თხოვნებს ასრულებენ და ითვალისწინებენ, მათ აგრესიულად და ნეგატიურად არ უნდა მოვექცეთ, რისი შემთხვევაც იყო ბოლო დღეების განმავლობაში,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები “ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე.