სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი: მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს აღიარებითი ჩვენება მოსთხოვა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის თამარ ხეთაგურის განცხადებით, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძეს აღიარებითი ჩვენება მოსთხოვა.
მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გენერალური პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
“გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება ლუკა სირაძეს და მას შემდეგ, რაც მიიღო უარი აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოკითხვა გააგრძელა ისეთ პირობებში, როდესაც მოხდა მოწმეთა დაპირისპირება. ასეთ პირობებში, არასრულწლოვნებმა განიცადეს ფსიქოლოგიური სტრესი. ასევე გეტყვით, რომ გენერალური პროკურატურა, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით,“ -განაცხადა თამარ ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.