თამარ ხულორდავა: ეს არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ განათლების სისტემის პრობლემაა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ხულორდავა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში არა მხოლოდ სამართალდამცავი, არამედ განათლების სისტემის პრობლემას ხედავს.

მისივე თქმით, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.

“ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ მართლმსაჯულების პრობლემა, ასევე არის განათლების სისტემის პრობლემა. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ყველამ, მთლიანად საზოგადოებამ და ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. განსაკუთრებით, როცა მოზარდები არიან ჩართული ამ საკითხებში, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს ყველა ორგანოს, საგამოძიებო ორგანოებს, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში და როგორც ჩანს, ეს არ იყო დაცული და ამაზე საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანი რეაგირება,” – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები