15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოზურგეთში მდუმარე აქცია გაიმართა
ოზურგეთში, გურიის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვა წევრებმა, თბილისში გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სამმართველოს შენობის წინ სისტემის გაუმართაობის გასაპროტესტებლად მივიდნენ.
“ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ველოდებით საშინელი შედეგის დადგომას და მანამდე რაც ხდება, არ არის ხოლმე მნიშვნელოვანი. ბავშვი არის ჩვენი ქვეყნის ამომავალი წერტილი. თუ მათ არ მოვუსმენთ, არ ექნებათ დაცულობის შეგრძნება, არ ეცოდინებათ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც შეიძლება ჩამოყალიბდნენ ადამიანებად და გამოვიდნენ მოქალაქეები და მათ ეცოდინებათ, რომ პოლიცია არის მხოლოდ დასასჯელი ორგანო, ასე არაფერი არ გამოვა, ასე ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ აშენდება“,- განაცხადა აქციის მონაწილემ,ნათია ვაშალომიძემ.
აქციის დასასრულს მონაწილეებმა გურიის პოლიციის სამმართველოს წინ წარწერა “ამ ცხოვრების დედაც“ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.