სოფო კილაძე: თუ ჩოლოიანის მიმართ სტრასბურგმა გამოიტანა დასკვნა და მის მიმართ კანონით განსაზღვრული არც ერთი ღონისძიება არ გატარდა, ეს პრობლემაა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელზე, მარიანა ჩოლოიანზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

მისი თქმით, თუ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ სტრასბურგმა პირდაპირ გამოიტანა დასკვნა და ეს ადამიანი ამდენი ხანი კიდევ რჩებოდა სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა.

“თუ ამ კონკრეტული პირის, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ სტრასბურგმა პირდაპირ გამოიტანა დასკვნა და ეს ადამიანი კიდევ რჩებოდა ამდენი ხანი სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. სანამ რაიმე დეტალურ განცხადებას გავაკეთებ, აუცილებლად უნდა გავესაუბრო სახელმწიფო ინსპექტორს, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია. თუმცა, თუ ნამდვილად ასე იყო და სტრასბურგის დასკვნა არსებობს კონკრეტულად ამ ადამიანთან მიმართებით და ის არის მოხსენიებული კონკრეტულ საქმეში, რა თქმა უნდა, მის მიმართ რომ კანონით განსაზღვრული არც ერთი ღონისძიება არ გატარდა, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოლოიანი 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც ფიგურირებს. “საია”-ს ცნობით, გოგუაძე განმარტავდა, რომ მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა ჩოლოიანმა დაკითხა. დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, ორ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაკავებულმა არაერთი ფიზიკური დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები