ხატია დეკანოიძე: ჩვენი მთხოვნაა, გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე
პასუხი ვერ მივიღეთ, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან და “ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნა, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.
“ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევედით საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომ როცა ამბობენ, ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი, საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე. ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, ის ადამიანი, რომელიც არის ახლა ოკუპანტების ტყვეობაში. თუ ამას არ იზამენ, მაშინ ეს არის “ქართული ოცნების“ მხრიდან ლეგიტიმაცია იმის, რომ ოკუპანტებმა აიყვანეს ტყვედ ვაჟა გაფრინდაშვილი. სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგე, რა პასუხი ჰქონდათ. ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს, შევთავაზეთ, აქ ვართ, ჩაატარეთ სხდომა. პასუხი ვერ მივიღეთ, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა “შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავენ. ისინი თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.