გიგი უგულავა კონგრესმენების განცხადებაზე: ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციაზე და ინვესტიციების მოცულობაზე აისახება
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობაზეც აისახება, რადგან, ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.
“ასეთი მკაცრი ვორდინგის წერილი, ზოგადად, არც იწერება იმიტომ, რომ ის ცდება დიპლომატიურ ლექსიკონს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორებმაც ალღო აუღეს. მათ გააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ საუბარსა და კრიტიკას იღებს სათავისოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად ჭაობში ეფლობა ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ინვესტიციების მოცულობაზე – თავისუფალი ქვეყნებიდან ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც აქ დემოკრატია ვითარდება,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კიზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.