ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო. ხაბეიშვილის განცხადებით, მისი საქციელი ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის ქმედებებთან დაკავშირებული პროტესტია.

“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია ჯურღმულშია, მისი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით და ამ დროს, დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ წიხლი მიაყოლა დაკავებულს. ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი. მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა ვხედავთ, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა კუხიანიძეს. საკრებულოს წევრი ვცდილობ შევიდე სამსახურში, თუმცა ვერ შევდივარ. საკრებულოს ოთხივე შესასვლელი ჩაკეტილია. ძალით გამომაგდეს შენობიდან. ამიტომ მსურს, სიმბოლურად ბოქლომი დავადო საკრებულოს კარს. როგორი იაფფასიანებიც არიან, ისეთი იაფფასიანი ბოქლომია ესეც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა “შეცვალეს“ წევრები, ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს. აქციის მონაწილეებს საკრებულოს დეპუტატის კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები