ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ისრაელის ელჩს უმასპინძლა
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შაფთაი ცურის, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა“,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან ბიზნესცენტრში ისრაელის ელჩს, შაფთაი ცურის უმასპინძლა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შაფთაი ცური ელჩის რანგში საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს.
“ჩემი საყვარელი მეგობარი, შაფთაი ცური, როგორც ელჩი, საქართველოში თავის მოღვაწეობას ასრულებს. მოგეხსენებათ, ის უფრო ადრე პერიოდშიც გახლდათ საქართველოში ისრაელის ელჩი , მაგრამ მთავარს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არის როგორც ისრაელის, ისე საქართველოს შვილი, ყოველ შემთხვევაში მე ასე განვიხილავ მას. ის დაბადებულია ვანში, ჩვენი, ქართველი ებრაელია. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ მეგობრობას, რაც ამ ორ ერს შორის არსებობს. ამ მხრივ შაფთაი ცური უნიკალურია. შაფთაის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოში. მას აქვს დიდი სიყვარული. ჩვენ, მისი ქუჩა გავხსენით ვანში იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა. მადლობა, კეთილი სურვილებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას უსურვა. მეც ასევე მინდა, მის ძირითად სამშობლოს, ისრაელს ვუსურვო ის, რასაც ისტორიულად იმსახურებს – სრული, სტაბილური უფლებები, რაც მას საკუთარ მიწაზე ეკუთვნის“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში ისრაელის ელჩმა, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და უსურვა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ ტერიტორიები დაიბრუნოს და გაერთიანდეს.
,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, თავის ოჯახთან ერთად მომიწვია. ბატონ ბიძინას რამდენიმე წელია ვიცნობ, ვაფასებ მის წარსულს, აწმყოს და მომავალს. დავლოცავ საქართველოს! პირველ რიგში, რომ ევროპაში სულ მალე შესულიყოს და მეორე, დავლოცავ, რომ დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ოცნება, როგორც ისრაელის სახელმწიფო ოცნებობს და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. მომავალ კვირაში ჩვენი დღესასწაულია, ხანუკა. ხანუკაში ხდება სასწაულები. დაგლოცავ ბატონო ბიძინა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო გაერთიანებულიყოს, წინ წასულიყოს. დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, ჩვენი საელჩოს სახელით და მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელობის სახელით, რომელსაც თქვენ აქ ეხმარებით, დაეხმარეთ სინაგოგებში, აღადგინეთ მუზეუმი. თქვენ პატრიოტი ხართ ისრაელის სახელმწიფოსთვის, ამიტომ თავი ვალდებულად მივიჩნიე, რათა მოვსულიყავი ოფიციალურად, ჩემი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა მადლობა მოგახსენოთ თქვენ პირადად, მთელს სახელმწიფოს და თქვენს ოჯახს“,- განაცხადა შაფთაი ცურიმ.