ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა.

“გიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით. როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ დღეს არასრულწლოვნის დედა. რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა”,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

როგორც წყარო ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, პოლიციელები მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები