გიგა ბოკერია: მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე პოზიციის დასაფიქსირებლად მეტი დრო ითხოვა
“ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად მეტი დრო ითხოვა.
მისივე თქმით, მათი სურვილია დაძაბულობის განმუხტვა.
“თვითონ ითხოვეს მეტი დრო, წვალობენ, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, შემოთავაზებებს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, ახლა უნდა წავიდნენ და ივანიშვილს ელაპარაკონ. ითხოვეს დრო -კიდევ სჭირდებათ დრო, რათა მოვიდეთ შემდეგ რაუნდზეო და, კი ბატონო, წაიღონ დრო, ტყუილად გონიათ მაგათ, რომ ჩვენ ვერ მოვითმენთ კიდევ ერთი კვირა. ეს გრძელი ბრძოლა იქნება, ჩვენ ეს ვიცით და რაც უფრო მეტს იწვალებენ, რაც დაიმსახურეს პოლიტიკურად, რაც უფრო მეტი წნეხის ქვეშ იქნებიან,რაც უფრო მეტად გაშიშვლდებიან, ქვეყნის გარეთ და შიგნით იზოლაციაში მოხვდებიან, მით უფრო ადვილი იქნება ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. თუ ამ გზით მიდიან. სანამ გონს არ მოეგებიან,მანამდე მათი ეს პოლიტიკური წვალება ამ ფორმატში გაგრძელდება. ახლა გერმანულ მოდელს ვიხილავთ, რაზეც ითხოვეს მეტი დრო იმიტომ, რომ ის კითხვები და ის პასუხები რაც თქვეს, უფრო სწორად, პასუხები არ ჰქონდათ, გააზრებულიც არ ჰქონდათ წესიერად, ეს ნიშნავს იმას,რომ ის კაცი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ჯერ დაბნეულია,რთულ მდგომარეობაშია, პოლიტიკურ აგონიაშია. კი ბატონო, რადგან მეტი დრო ითხოვეს, ჰქონდეთ, შევხვდებით კიდევ ერთხელ და მოიტანონ თავისი პასუხი. ასეთი ხელისუფლების არსებობა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, მაგრამ ის, რა დღეშიც ამ ფორმატში არიან, არის მათი პრობლემა, უნდა იყოს კიდეც, სანამ გონს არ მოვლენ.
რაც შეეხება რას ველოდებით, რა გვინდა, ჩვენ გვსურს, ეს დაძაბულობა განიმუხტოს, რასაც სჭირდება მათი მხრიდან უკან წაღება იმ შეურაცხყოფის, რაც მიაყენეს საზოგადოებას, ამ კომპრომისზე დათანხმება, სჭირდება პოლიტიკური დევნისა და ძალადობის შეჩერება.
თუ ამას არ იზამენ, მაშინ გაგრძელდება მწვავე პროცესები ქვეყნის შიგნით და მათი იზოლაცია ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ ფორმატის გამოყენებით. ახლა არჩევანი არის მათი, ოღონდ ქვეყნისთვის ჯობია აირჩიონ ნაკლებად საზიანო გზა, მათთვისაც ნაკლებად სახიფათო და თუ აირჩევენ უფრო ცუდს, ანუ თუ გონს არ მოეგებიან და გააგრძელებენ ქვეყნის რყევას, ჩვენ მაგისთვისაც მზად ვართ, თუმცა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.