დავით ასათიანი: ვიმედოვნებ, შემდეგ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. სასამართლო სხდომაზე გაათავისუფლებენ.
„მე პირადად ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას, რადგანაც გვქონდა გარკვეული ინფორმაცია რომ ეს იყო წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა და შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი გათავისუფლებით.
სამწუხაროა, რომ იქ არავის არ ჰყოფნის კეთილგონიერება, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რომ არ გაათავისუფლეს.
იმედს ვიტოვებ, სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ცნობისათვის, გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა და საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ექიმი პატიმრობაში დარჩა.