გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.
პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა ბრალდებულების ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმსჯელებს მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობისა და სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შექმნილი მტკიცებულებები გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას, მიგვაჩნია, რომ საქმე სრული მოცულობით გადაეცემა არსებითად განსახილველად“,- განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 20 ივლისს. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, „რუსთავი 2“-მა 7 მილიონამდე ლარი იზარალა.