მოსწავლის დაკითხვა პოლიციაში მშობლის თანდასწრებით მოხდა – “მწვანე სკოლაში” მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი
“პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო “მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა, – ამის შესახებ “კვირას” “მწვანე სკოლასთან” დაკავშირებით მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუცხადეს.
“10 დეკემბერს 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე.
შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.
პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო “მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.
მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.
მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.
მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო.
გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”
„მთავარი არხის“ ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც წყარო ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, პოლიციელები მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.
“მწვანე სკოლის” დირექტორის განცხადებით, ღამით სკოლის შენობაში უცნობი პირი შევიდა და სკოლის ტერიტორიაზე გარკვეული უხამსი წარწერები გააკეთა და დაფები დააზიანა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დილით აღმოაჩინა დაცვამ და გამოიძახეს პოლიცია.