გია ვოლსკი: ოპოზიცია ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობს, მაგრამ აშკარად რუსული ინტერესები გაატარეს

ოპოზიცია ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ენის შერჩევას არანაირი გავლენა არ აქვს.

“ოპოზიცია ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები, როცა სტრატეგიულ ობიექტებს ყიდდნენ.
განსაკუთრებით ეს 2008 წლის წინა პერიოდში მოხდა, როცა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს არ დაუჯერეს, გადახიეს საგზაო რუკა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. ამ შემთხვევაში, ენის შერჩევას არანაირი გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ რუსული ენის გამოყენება ჟურნალისტურმა გარემომ განაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ უკრაინაში პრესკონფერენციაზე რუსულ ენაზე ისაუბრა. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები