მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ ჟურნალისტს პარლამენტის უმრავლესობის სახელით ბოდიშიც კი მოვუხადე

ვერ დამისახელებთ შემთხვევას ცივილიზებული მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც გამომსვლელი როცა გამოდის თუ მოგეწონა ან სკანდალურად მიიჩნევ, მივარდეს ჟურნალისტი და ინტერვიუს სთხოვდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფორმა იყო ძალიან არასწორი, როდესაც ქალ ჟურნალისტს ხელს ჰკიდებ და ძალით გაგყავს.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მან კონკრეტულ ჟურნალისტს პარლამენტის უმრავლესობის სახელით ბოდიშიც მოუხადა.

„დღეს კონკრეტულ ჟურნალისტს პარლამენტის უმრავლესობის სახელით, ბოდიშიც კი მოვუხადე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი იმ პროცესში ჩართული. ვისი ბრალიც უნდა იყოს და რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, როგორც მინიმუმ არასასიამოვნო კადრი იყო. ფორმა იყო ძალიან არასწორი, როდესაც ქალ ჟურნალისტს ხელს ჰკიდებ და გაგყავს ძალით. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ თავად ვკითხე ჟურნალისტებს, თუ იცით ისეთი ქვეყანა, სადაც კომიტეტის სხდომის ან ნებისმიერი საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობის დროს მივარდებიან ჟურნალისტები გამომსვლელს, ადამიანს, რომელიც საუბრობს. წარმოუდგენელია, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც სხდომის მიმდინარეობისას პირდაპირი ჩართვები მიდიოდეს, ვერ დამისახელებთ შემთხვევას ცივილიზებულ მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც გამომსვლელი როცა გამოდის თუ მოგეწონა ან სკანდალურად მიიჩნევ, მივარდეს ჟურნალისტი და ინტერვიუს სთხოვდეს. საოცრებაა, დემოკრატია ასე გავიგეთ. თუ ეს დემოკრატიაა, მაშინ ყველაზე მაღალი დემოკრატია გვქონია. ეს ყველაფერი კანონში ვერ ჩაიწერება და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები