თელავში სმენისა და მეტყველების სახლი გაიხსნა

პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში , თელავში მედიცინის, მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის,ზურაბ ქევანიშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრი  გაიხსნა.

ცენტრში ამ დროისთვის 28 ბენეფიციარია დარეგისტრირებული, რომლებიც დღეიდან სპეციალური საჭიროებების მიხედვით გაივლიან სწავლებას.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შვილისთვის ცენტრის გახსნა. ის ჩვენს შვილებს ძალიან დაეხმარება.  ეს ცენტრი წინსვლაში შეგვიწყობს ხელს“, – აღნიშნა შშმ ბავშვის მშობელმა,მარინა ხიმშიაშვილმა.

ცენტრში განთავსებულია 8 სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მქონე საჭირო ინვენტარით.

“ჩვენი ბავშვები ფაქტობრივად თელავი-თბილისის მანქანებში იზრდებოდნენ .  მათ კი დრო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის სჭირდებათ .თელავის მუნიციპალიტეტში 148 ბავშვიდან 76 ბავშვს  არამარტო სმენის პრობლემა, არამედ მეტყველების დარღვევა ჰქონდა“, -განაცხადა  “მოვუსმინოთ სამყაროს“ თავმჯდომარემ ,მაია ხუციშვილმა.

რეაბილიტაციის ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით, ASB საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა, სადაც სმენის დაქვეითების , კოხლეარული იმპლანტის მქონე და მეტყველების დარღვევის 1-18 წლამდე პირებს მოემსახურება.

“პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო და მათ შორის თელავის ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის გახსნა ,ვინაიდან არ არსებობდა ადგილობრივი მსგავსი დაწესებულება,რის გამოც ხშირად უწევდათ ბავშვებს წასვლა თბილისში,გარკვეული სერვისების მისაღებად“, -განმარტა ASB საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა, თეონა ჯულუხაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრი ფართით და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყო, შპს „KINDSMENA“-მ კი ფართის სრულ რეაბილიტაცია – ინვენტარიზაციაზე იზრუნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები