ლაშა ნაცვლიშვილი: პროპაგანდაზე უარი ბიძინა ივანიშვილის არჩევანია, თავს უფლებას აძლევს, სიმართლე ილაპარაკოს

ნაციონალური პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის სიმართლე. მათი მთავარი საფრთხე საქართველოს წარმატებაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის, ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

“გამსახურდიას ფოტო ჩვენი ჩინოვნიკების კაბინეტებში ჩაანაცვლა შევარდნაძის ფოტომ, შევარდნაძის ფოტო ჩაანაცვლა სააკაშვილის ფოტომ. სააკაშვილის ფოტო რომ გასვენდა კაბინეტებიდან, ის არ ჩანაცვლდა არცერთით, ის არ ჩანაცვლდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი. ეს არის თვისობრივი სხვაობა.

ნაციონალური პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის სიმართლე, ვინაიდან მთავარი ატრიბუტი მათი არის სიცრუე და ძალადობა. მათი მთავარი საფრთხე არის წარმატება, საქართველოს წარმატება. საქართველოს წარმატება, რომელიც ხან გამოიხატება, ლაშა ტალახაძე რომ შტანგას აწევს, ხან გამოიხატება ორპარტიულ მხარდაჭერაში, ხან გამოიხატება კიზინგერის გამოთქმაში, რომ საქართველო იმაზე დიდ ჯვარს ათრევს ცივილიზაციისთვის, ვიდრე მისი წონაა – ეს იქნება ორპარტიული მხარდაჭერა, ეს იქნება ნატოს სწავლება, ეს იქნება ევროინტეგრაცია, ეს იქნება ვიზალიბერალიზაცია. საქართველოს წარმატება პირდაპირპროპორციულია მათ საფრთხეებთან. “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის. ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით. ეს სამართალშიც ასეა და ყველგან ასეა. იცით, რა არის სიცრუის მხილება? არის აქტივობა, ეს არის აუცილებელი აქტივობა, ეს არის ერთგვარი ინფორმაციის უვნებლობის ინსპექცია. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ინფორმაციას ყველა სხვა პროდუქტთან შედარებით შეუძლია უფრო ტოქსიკური იყოს, ვიდრე ვადაგასული კვების პროდუქტი ან სარეცხი საშუალება. მათ აქვთ უფლება, ილაპარაკონ ყველაფერი, ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება, დავშალოთ, დეკონსტრუქცია მოვახდინოთ და ხალხს ველაპარაკოთ სიმართლე”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები