ლაშა ნაცვლიშვილი: არცერთ ქართველ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი, ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა
“სენტენცია, რომ პატრიოტიზმი და მითუმეტეს მჟავე პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია, ისე კარგად არაფერში არ ვლინდება, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილის მოჩვენებით ტრანსფორმაციაში, როდესაც მართლმორწმუნე ქრისტიანის მანტიაც კი სცადა მოესხა. ის ქვეყნისთვის საფრთხეა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, არცერთ ქართველ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი და ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც ეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეძლო.
“ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს მიაწერენ ესეთ ფრაზას, რომ რუსეთს ორი მოკავშირე ჰყავსო – არმია და ფლოტი. ჩემი აზრით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ მესამე ყველაზე დიდი მოკავშირე შეიძინა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”. მან აგრესიულ და იმპერიალისტურ მეზობელთან ერთად უზრუნველყო, რომ რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში და ასევე უზრუნველყო ოკუპაცია. ჩემი აზრით, არც ერთ ქართველ ლიდერს და შეიძლება რეგიონალურ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი რეგიონში და არც ერთ ლიდერს ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა. ჩვენ სასწავლო, საჯილდაო ქვა აღმოვჩნდით, იმიტომ რომ ქართული ოკუპაცია ეს ხო არის იდეალური ერთობლიობა ტუტუცი, მინიმუმ ტუტუცი მმართველის და აგრესიული მეზობლის. ოკუპაცია მემკვიდრეობაა, რომელიც დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა იყოს, ეს ასეა და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ვერც ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ვერც სხვა ვერაფერი“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.