არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს
“2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.
“2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების ზრდა: 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის პირველი ივლისიდან იზრდება 100 ლარით; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გაიზარდა საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე და ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც, გარდა ამისა, 2020 წელს მასწავლებელთა ხელფასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დამატებით 150 ლარით გაიზრდება; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 280 მილიონ ლარზე მეტი; ახალი ბიუჯეტით, ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიიმართება 50 მილიონ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ, 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი იქნება 3.7 მლრდ ლარი, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ სამუშაო ადგილებს; ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (“რეგფონდი”), 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 350 მილიონი ლარი; რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი; ასევე, თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტში არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.