“ნაცმოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის ბრალდებას “ქართული ოცნება” პასუხობს
ფოთში პარტია ,,ქართული ოცნების“ ოფისში ,,ნაცმოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავჯდომარის- დარეჯან ცხვიტარიას დღევანდელ განცხადებას უპასუხეს. ცხვიტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” დირექტივით, ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ. “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციაში აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწდებენ. პარტიაში განმარტავენ, რომ ფოთიდან ახალგაზრდები, პედაგოგები და სხვა ნებისმიერი მსურველი არა კონტრაქციაზე, არამედ, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიან და ტექნიკურ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია აგვარებს.
,,პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის აქცია, არც კონტრაქცია და არც დემონსტრაცია. ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელსაც აორგანიზებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია და ის მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც დაიწყო 2 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტით.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით. ჩვენ ეს პრეროგატივა გვერგო ანბანური თანმიმდვრობის წესით საფრანგეთის შემდეგ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება არის სრულიად ნებაყოფლობითი. მასში ჩაერთვებიან, ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ასევე საზოგადოების სხვა დაინტერესებული სეგმენტი. მითიუმეტეს შაბათ დღეს ტარდება, როდესაც ალბათ შეიძლება პედაგოგებსაც ჰქონდეთ თავისუფალი დრო და ასევე საჯარო მოხელეებსაც, ვინაიდან სამუშაო დღე ეს არ არის. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან მოხდება, ხოლო დანაჩენ ხარჯებს დაინტერესებული მოქალაქეები გაიღებენ“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ კვინჩიამ.