მაია ცქიტიშვილი: ვერანაირად ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს მათ, რომლებიც შტურმით იღებდნენ პარლამენტის შენობას

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას, რომ რეაგირება არ იქნა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, როგორც იცით ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ორი მუხლით. ამ გამოძიების ფაგლებში ჩვენ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველების მიმართ იქნა გამოყენებული, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გარკვეული სამართალდამცველების მიმართ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას, რომ რეაგირება არ იქნა უზრუნველყოფილი“ ,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„რაც შეეხება ე.წ პოლიტპატიმრებს, ვწუხვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროპარლამენტარების ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი, როგორც ჩანს, არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ, რომლებიც ცდილობენ, ჩვენს მეგობრებს საქართველოს მთავრობაზე მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ არ გვყავს საქართველოში პოლიტპატიმრები. თუ ვსაუბრობთ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც არიან დაკავებულები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერანაირად ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს მათ, რომლებიც შტურმით იღებდნენ პარლამენტის შენობას, ძალადობრივად ექცეოდნენ ჩვენს პოლიციელებს. როგორც იცით, მხოლოდ ექვსი ადამიანი არის ამჟამად დაკავებული ამ საქმის ფარგლებში, თუმცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლის შედეგადაც ყველაფერი გაირკვევა“ ,- განაცხად მაია ცქიტიშვილმა.

ომბუდსმენის განცხადებით, 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები