ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურიაში საინფორმაციო კამპანია გაიმართა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის გურიის ოფისის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლსა და ფუნქციების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დაურიგდათ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები.
სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს მთავარი სპეციალისტი, თამარ ოგანოვა „რეგიონულ კვირას“ იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებზე ესაუბრა, რაც კანონში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ განხორციელდა.
“დღეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, სახალხო დამცველის აპარატი, ამ დღეს როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში, ქუჩის აქციით ეხმაურება. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თემატურ ბუკლეტებს, ჩვენი საქმიანობის შესახებ, ვურიგებთ მოქალაქეებს. ვცდილობთ, მათ შეკითხვებს ამომწურავად ვუპასუხოთ. ამ ყველაფერს წინ უძღოდა 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და წლევანდელი კამპანიის მთავარი დევიზი იყო „არა სექსუალურ შევიწროებას“. დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და სექსუალური შევიწროება განისაზღვრა დისკრიმინაციის ცალკე ფორმად. ასევე, მიმდინარე წლის მაისში, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში სამართალდარღვევა გახდა. აღნიშნული ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”,- განაცხადა თამარ ოგანოვამ.
ღონისძიება, ევროკავშირის პროექტის “ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში” მხარდაჭერით გაიმართა.