გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს – ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ძველი ხიდი, მიმდინარე წლის ზაფხულში, სტიქიის შედეგად დაზიანდა. ახალი ხიდის აშენება, ღია შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ქირიკაშვილთან ერთად გაეცნო.
ხიდის მშენებლობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 700 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება.
ამჟამად, მოსახლეობა დროებითი ხიდის საშუალებით გადაადგილდება, რომლის მონტაჟი სტიქიიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.