ქუთაისში ჭადრაკში საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისში საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „დავით ჩირაძის მემორიალი“ 7, 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. ჭადრაკის ჩემპიონატმა სტარტი პირველ დეკემბერს აიღო. შეჯიბრების ორგანიზატორები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია იყვნენ. ტურნირს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სპორტის სკოლამ უმასპინძლა.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, სადაც 34 გუნდის 140-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.