მამუკა მდინარაძე: ნახევარ მილიონ ხმას ვერ შეაგროვებენ, რომ გვაიძულონ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადავიდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა და ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების არც რესურსია და არც სურვილი.
​როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნახევარი მილიონი ხმა ვერ შეგროვდება ამ რეფორმის განსახორციელებლად.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გავიდნენ ხალხში, შეაგროვონ ხელმოწერები, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ეს ინიციატივა. ჩემი აზრით, აქამდეც არ უნდა მივიდეს საქმე და გავაგრძელებთ საუბარს. შეიძლება ითქვას, ასე ფიქრობს გუნდის დიდი ნაწილი. პარტიის ლიდერიც ზუსტად ამ პოზიციაზე, რასაც მე მოგახსენებთ. აქედან გამომდინარე, გუნდის შეჯერება მსგავს საკითხზე ვერ მოხდებოდა. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის კარგი გზა ქვეყნის განვითარებისთვის, აპელირებას აკეთებენ ე.წ. ამერიკულ მოდელზე და ფიქრობენ, რომ საზოგადოების დაკვეთით საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ისინი აიძულებენ კარგი გაგებით საქართველოს პარლამენტს, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. სიურპრიზი არ იქნება, ნახევარ მილიონ ხმას ვერ შეაგროვებენ, რომ გვაიძულონ ამის მიღება.

​მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების არც რესურსია, არც სურვილია და არც შეჯერდება ამაზე გუნდი, ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა არც კი შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები