ნინო წილოსანი: კანონპროექტი აზრის გასარკვევად საზოგადოებაში გავა
უმრავლესობის ინიციატივა აზრის გასარკვევად საზოგადოებაში გავა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს.
“უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვიცი, რომ ითვალისწინებს თავად პროცესის დაწყებას. გუშინ, შევესწარი ცხარე კამათს უმრავლესობის ლიდერთან ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მესმის და ვეთანხმები ჩვენს დეპუტატებს იმ ნაწილში, რომ თავად პროცესის დაწყებას შესაძლებელია მიეცეს დასაწყისი, ამ ინიციატივის მერე ეს კანონპროექტი, იდეა გავა მოქალაქეებთან, საზოგადოებაში აზრის გასარკვევად და შესაბამისად ჩვენც, ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანი დავრწმუნდებით რამდენად კარგი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს”,- განაცხადა წილოსანმა.
დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.