ზუგდიდში ბერთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდში მამა სვიმონ ქავთარაძესთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ნარკოტიკებით სავსე ჩანთა მას არ ეკუთვნოდა.
“ორივე იმყოფებოდა ქუჩაში. ერთ-ერთი უნდა გამგზავრებულიყო თბილისში და მას გაატანა ბერმა ხელჩანთა, როდესაც გადასცა ხელიდან ხელში იმ მომენტში არის პოლიცია ადგილზე გამოცხადებული და მაშინ მოხდა ამ პიროვნების დაკავება. ჩანთა მას არ ეკუთვნოდა, ჯერჯერობით, ასე ჩანს საქმის მასალებიდან გამომდინარე და თვითონ მამაოს აღიარებიდან გამომდინარე. რეალობა, ბუნებრივია, უნდა დადგინდეს და უფრო მკაფიო უნდა გახდეს. სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა”, – თქვა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია.  ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა.  გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერმონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

“რეგიონული კვირის” ინფომრაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების შეხვედრა უნდა გაიმართოს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები