გია ვოლსკი: სამოქალაქო დაპირისპირების თემა ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება ე.წ. წარმატება მოუტანოს ამ მავნებლურ ჯგუფს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებმაც გამორიცხულია არ იცოდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მისივე თქმით, არიან ისეთი პირებიც, რომლებსაც რევოლუციური მოდელი აქვთ გეგმაში.
„თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თან რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ. მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში.
ცალკეული შემთხვევები იყო. ეს თემა და გაღიზიანება სპეციალურად არის გამოწვეული, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგშია. ეს ლიტონი სიტყვა არ არის. ანალიზი რომ გააკეთოთ, საკმაოდ აშკარაა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების თემა ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება ე.წ. წარმატება მოუტანოს ამ მავნებლურ ჯგუფს. სამწუხაროა, რომ ამისთვის იყენებენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა უერთდებოდნენ თუნდაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობას, რომლებიც ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას აღნიშნავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ კანონპროექტს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.