ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ბაღდადის დასავლეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებია დისლოცირებული, სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია As Sumariya ქვეყნის ძალოვანი უწყებების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. იერიში 3 დეკემბერს განხორციელდა.
„ხუთი რაკეტა ჩამოვარდა აინ-ელ-ასადის ბაზის ტერიტორიაზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ შეიძლება იდგეს იერიშის უკან“, – განაცხადეს უწყებაში.
ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო ბანაკია გაშლილი, რომლებზეც ამერიკელი სამხედროებია განლაგებული.
მსგავსი თავდასხმა ეთ-თაჯის რაიონში მდებარე ბაზაზე ოქტომბრის ბოლოსაც მოხდა, მაშინაც იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.