გიორგი გახარია: ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ქვეყანა უნდა ააშენონ
“ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო – უნდა იყოს დასჯილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება.
“პირველი – რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე – ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მესამე – კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია, და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი. ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი არის ბევრი რამ, პირველ რიგში – ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.