არჩილ თალაკვაძე: არ ვფიქრობ, რომ პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით რაც ხდება, ამით ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ შედეგს მიიღებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ აქციები იქამდე, სადამდეც საჭიროდ ჩათვლიან.

თუმცა, თალაკვაძე პოლიტიკური შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიალოგის გზას ხედავს.

“ოპოზიციის ამ ნაწილს ჩვენ მზად ვართ და ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ და ჩათვლიან საჭიროდ, რომ გააგრძელონ აქციები. არ ვფიქრობ, რომ პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით რაც ხდება, ამით რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რაც შესაძლოა, პოლიციამ მიიღოს.

“როდესაც პარლამენტთან იყო წარმოდგენილი სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, მედიის ნაწილი კრიტიკულად აშუქებდა ამ დღეებს და ამბობდნენ, რომ, აი, ხელისუფლებამ გამოიყვანა ზედმეტი პოლიციელი, ნახეთ რამდენი პოლიციელია მობილიზებული, რატომ მიიღეს ეს ზომები, რატომ გამოიყენეს ბარიერები. ხომ გახსოვთ, ეს იყო ორდღიანი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, უნდა მიეღო პრევენციული ზომები, პოლიციელები დაეყენებინა იქ, სადაც რისკები არსებობდა. დღეს იგივე ჟურნალისტები მისვამენ შეკითხვას, გუშინ რატომ არ იყო ბევრი პოლიციელი და არ ერეოდა აქტიურად პროცესში. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რაც შესაძლოა, პოლიციამ მიიღოს, რათა ამ ტიპის პროვოკაციები, ძალადობის ესკალაცია და ის შესაძლო მიზეზები, რამაც შეიძლება, ძალადობა გამოიწვიოს, იყოს წინასწარ აღკვეთილი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პროტესტის ის ნაწილი, რომელიც გადის მეტწილად კანონმდებლობიდან, აგრესიულ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, თავი უნდა შეიკავოს ყველა მხარემ, განსაკუთრებით იმან, ვინც ახდენს პროვოცირებას“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები