თამაზ ბაღაკაშვილი: უხუცესები განიხილავენ, რომ სისხლის აღება მხოლოდ დამნაშავე პირებზე გავრცელდეს

ამ წუთებში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ქავთარაშვილების საცხოვრებელ სახლში, ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები თათბირობენ.

შეხვედრაზე უხუცესები დაპირისპირებულ გვარებს შორის, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე მსჯელობენ.

შეხვედრის ერთ- ერთი მონაწილის, თამაზ ბაღაკაშვილის ინფორმაციით, უხუცესები იმაზეც საუბრობენ, რომ სისხლის აღების წესი მხოლოდ დამნაშავე პირებზე გავრცელდეს.

“ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს.ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმასაც განვიხილავთ, რომ სისხლის აღება მხოლოდ დამნაშავე პირებზე გავრცელდეს და არა ინციდენტში მონაწილე ყველა გვარზე”,- განაცხადა ბაღაკაშვილმა.

ქავთარაშვილების ოჯახში შეხვედრაზე დასასწრებად, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

გადაწყვეტილება სისხლის აღების შესახებ, მუთოშვილებმა ქავთარაშვილებს გუშინ აცნობეს. მათი თქმით, სისხლის აღება ქავთარაშვილების, დუიშვილების, ალდამოვებისა და ხანგოშვილების გვარებზეც გავრცელდება.

ცნობისთვის, დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 36 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა,სამი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები