“ზედმეტია მოლოდინი, რომ მესამე ძალა ბედაურით შემოვარდება საიდანღაც, ამოაპობს ფარავნის ან ბაზალეთის ტბას და შემობზრიალდება თბილისში”
ზედმეტია მოლოდინი, თუ გვგონია, რომ მესამე ძალა ბედაურით შემოვარდება საიდანღაც და ამოაპობს ფარავნის ან ბაზალეთის ტბას, ამოხტება და შემობზრილდება თბილისში, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა განმარტა, მესამე ძალა იქნება ყველა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც იქნება ხალხის მიერ მხარდაჭერილი.
ელისაშვილი ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა.
„სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ არის 2012 წლიდან, რვა წლის თავზე რომ მიდიხარ და “დემიშიზაცია” უნდა დავიწყოთო იძახი, ძალიან უხერხულია. სირცხვილია, ან კალენდარი არ აქვთ? ან ჭკუის დამრიგებელი არ ჰყავთ? ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის შიშებისაგან.
გავგზავნოთ ვენეციის კომისიაში და გავარკვიოთ, საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი შეესაბამება, თუ არა კონსტიტუციას. თუ შეესაბამება, დავნიშნოთ არჩევნები, რა “დემიშიზაციას” იწყებენ 2019 წელს, სირცხვილია. ეს მახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო პერიოდს 2011-2012 წლებს და ეს ფილმი ყველას ნანახი აქვს. წასვლის წინ აკეთებენ ხოლმე ქართული ხელისუფლებები ასეთ რაღაცებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის კოალიციასა და ბლოკზე საუბარი ნაადრევია.
„არც დისკუსია ყოფილა, არც შემოთავაზება ყოფილა. ამ ეტაპზე, ცოტა არასერიოზულადაც მიგვაჩნია ბლოკსა და კოალიციაზე ლაპარაკი. ახლა უნდა ვიბრძოლოთ, რომ პროპორციული არჩევნები მოვიპოვოთ. ამ ეტაპზე, საერთოდ არ ვფიქრობთ ვისთან შეიძლება, გავერთიანდეთ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ცოტა არასერიოზულად მიგვაჩნია ეს.
თუმცა პროტესტი გაგრძელდება ჩვენი მხრიდან. მივიღებთ მონაწილეობას თუ იქნება პიკეტირება.
მესამე ძალას ვერ ვხედავ. ზედმეტია მოლოდინი, თუ გვგონია, რომ მესამე ძალა ბედაურით შემოვარდება საიდანღაც და ამოაპობს ფარავნის ან ბაზალეთის ტბას, ამოხტება და შემობზრიალდება თბილისში. ეს არასერიოზულია. მესამე ძალა იქნება ყველა, ვინც იქნება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც იქნება ხალხის მიერ მხარდაჭერილი. შეიძლება ერთი იყოს და შეიძლება სამი“, – განაცხადა ელსაშვილმა.
თამუნა შეყილაძე