ვახტანგ ხმალაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, შეთავაზებული სისტემა სამართლიანი შედეგის მიღწევის მცდელობაა.
“ამ მოდელს საფუძვლად უდევს ის პრინციპი, რომლითაც არჩევნები იმართება გერმანიაში და ხდება მანდატების განაწილება. ამ მოდელის უმთავრესი ელემენტი არის შემდეგი – თუ ამ სისტემაში პარტიამ მიიღო მაგალითად ამომრჩევლთა 30 %-ის მხარდაჭერა, ამ პარტიის კუთვნილი ადგილების რაოდენობა პარლამენტში უნდა შეესაბამებოდეს, პარლამენტის მთელი შემადგენლობის 30 პროცენტს. ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სხვათა შორის, კონსტიტუციას არც დღევანდელი წესი ეწინააღმდეგება. რადგან იმ წესმა თქვა, რომ განსაზღვროს პროცენტი 77-ისა, ჩვენი წესი ამბობს განსაზღვროს წესი 150-ისა და მანდატები ასე გადავანაწილოთ. ანუ არც ერთი ეწინააღმდეგება და არც მეორე. მაგრამ ჩვენი შეთავაზება ეს არის სამართლიანი შედეგის მიღწევის მცდელობა, ხოლო არსებული მოდელი მაღალი ალბათობით იძლევა უსამართლო შედეგს”,- განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
ხელისუფლება გერმანულ მოდელზე უარს ამბობს და მიიჩნევენ, რომ ის საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.