“მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა”
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა.
„როგორც ვიცით, ევროკავშირი დასაწყისშივე საკმოდ დიდ ყურადღებას ამახვილებდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ნდობისა და პოლარიზაციის საკითხებში პოზიციების დასაახლოებლად აუცილებელი იყო სერიოზული დიალოგი.
ამ პრობლემებს ჩვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადავაწყდით. ამ ხანგრძლივ დიალოგში მონაწილეობის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ეს არარეალური იქნებოდა.
თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია, რომ ვიმუშაოთ დიალოგის საშუალებით, შევისწავლოთ შესაძლებლობები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის წყალობით კარი გაიხსნება. დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ სერიოზული პროცესი არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.