დავით სონღულაშვილი: დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 3 თვით უვიზოდ შეუძლიათ ცხოვრება, ქვეყნიდან უფრო ნაკლები ადამიანი გადის
მიგრაციის საკითხს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 3 თვის მანძილზე უვიზოდ შეუძლიათ ცხოვრება, ქვეყნიდან უფრო ნაკლები ადამიანი გადის.
,,ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ვიდრე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, რაშიც, მათსავე მტკიცებით, ჩვენ ვუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს ხელს. სინამდვილეში, ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლება მოიპოვეს და ეს მართლაც უდიდესი მონაპოვარი იყო ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციის სტატისტიკა არ გაზრდილა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს 2010-2011 წლებში მიაღწია. 2010 წელს ქვეყანა დატოვა 103 214-მა, ხოლო 2011 წელს – 107 202- მოქალაქემ. “ქართული ოცნების” პირობებში კი ემიგრაციის 6 ციფრიანი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა.
ეს მარტივი სტატისტიკაც კი მეტყველებს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ტყუილია. მეტიც, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც უცხო ქვეყნის ვიზის მოპოვება საკმაოდ რთული იყო, ადამიანები უამრავი რისკის ფასად, ტოვებდნენ სამშობლოს და გაურბოდნენ გაუსაძლის პირობებს, ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ არალეგალურად.
დღეს კი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 3 თვის მანძილზე უვიზოდ და სრულიად ლეგალურად შეუძლიათ ცხოვრება, ქვეყნიდან უფრო ნაკლები ადამიანი გაედინება. თუმცა მიგრაცია კვლავ პრობლემად რჩება და ჩვენი ძალისმხევა აქეთკენაც უნდა იყოს მიმართული, რომ სულ უფრო ნაკლებ ქართველს უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი,- ” წერს დავით სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.